Haqqımızda Reklam
24 
Sen
2026
12:25
1
0
104

კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ფინეთის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 24News.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე სახელწოდებით „ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით მშვიდობის დაპირების გაძლიერება“, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი გზით მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა ის საკითხია, რომლის წინაშეც თავად საქართველოც დგას. პრემიერმა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევების გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას და დიპლომატიური საშუალებების უფრო ეფექტიან გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დახურულ ფორმატში გამართული პანელური დისკუსია ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგულია: „მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი“, – განაცხადა პრემიერმა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები