Haqqımızda Reklam
21 
Sen
2026
16:40
1
0
75

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიული განათლების პორტალის – vet.ge-ის მეშვეობით და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის შემოდგომის მიღების ფარგლებში, მიღება 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადდა. მათგან 37 არის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს. ინფორმაციის თანახმად, 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებად სულ 21 372 ადგილია გამოყოფილი. რეგისტრაციისას კანდიდატს შეუძლია აირჩიოს არაუმეტეს 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის დასრულებამდე შეცვალოს საკუთარი არჩევანი. როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების შესახებ დოკუმენტის მქონე პირებს უფლება აქვთ, პროფესიული განათლების პროგრამებზე ისწავლონ. ამასთანავე, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მის მიერ არჩეული პროგრამისთვის განსაზღვრულ მიღების მოთხოვნებს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ხოლო კერძო იურიდიული პირის სტატუსით მოქმედ დაწესებულებებში სწავლის საფასური ვაუჩერული დაფინანსების მეშვეობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ფინანსდება. კანდიდატების შერჩევა 12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად განხორციელდება. უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამებზე მიღება კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტების შედეგების საფუძველზე განხორციელდება. ტესტები 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 25 ოქტომბერს წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩატარდება. არჩევნების პროცესის დასრულების შემდეგ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანდიდატების შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან მონაცემთა ბაზაში შემწეობის მიმღების სტატუსისა და მიღებული განათლების დონის გათვალისწინებით, რეიტინგულ სიას მოამზადებს. თუ კანდიდატმა რეგისტრაციის დროს რამდენიმე პროგრამა აირჩია, შედეგების გამოცხადების შემდეგ, 11-13 ნოემბერს, სისტემაში საბოლოო არჩევანი უნდა დაადასუროს და იმ პროგრამებიდან ერთ-ერთი აირჩიოს, რომელზეც მიიღო ჩარიცხვის უფლება. პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამებთან, დაწესებულებებთან, მიღების პირობებთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პორტალზე vet.ge.

www.24news.ge

სხვა სიახლეები