Haqqımızda Reklam
08 
Okt
2026
11:50
1
0
149

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი გზავნილები გაკეთდა – ხელისუფლებას უკან დახევისკენ მოუწოდეს

ევროპარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შეზღუდვისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ დისკუსია გაიმართა. 24News.ge-ის იუწყება რომ, დისკუსიის დროს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და რამდენიმე ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკეს, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისა და პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისკენ მოუწოდეს. გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარმა ჯესიკა როზველმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უკან გაიწვიოს მავნე ნაბიჯები, შეცვალოს არადემოკრატიული კანონები და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა პოლიტიკურ ძალასთან რეალური დიალოგი უნდა დაიწყოს და საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე იზრუნოს. როზველმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეინიშნება ქვეყნის დაშორება დემოკრატიული ნორმებისა და ხალხის მიერ არჩეული ევროპული გზისგან. მისი თქმით, ადგილი აქვს სისტემურ ზეწოლას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და კანონის უზენაესობაზე. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა შეაფასა, როგორც საქართველოს მიერ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მაკალისტერმა განაცხადა, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებული ახალი შეზღუდვები და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე ზემოქმედება შეშფოთებას იწვევს. ევროპარლამენტის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკამ კი უფრო მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოში შექმნილი ვითარების გამო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. მისი თქმით, ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო სისტემა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, ოპოზიციას დევნის და ქვეყანას „რუსული ტიპის დიქტატურისკენ“ მიჰყავს. გოშევსკამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლოს და ივანიშვილის, ასევე მისი აქტივების წინააღმდეგ კოორდინირებული ზომები მიიღოს. მან ასევე მოითხოვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამასთანავე, ევროპარლამენტში ასევე გაჟღერდა მოსაზრებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იცავდა. გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ევროპარლამენტარმა თომაშ ფროელიხმა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ „ორმაგ სტანდარტად“ შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ევროპა საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვით არის შეშფოთებული, გერმანიაში მისი პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ფროელიხმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში რიგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირს იგივე პოზიცია არ დაუფიქსირებია. დეპუტატის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დადებითი მაჩვენებლები აქვს და ქვეყნის დაპირისპირება ევროკავშირთან ევროპის ინტერესებს არ შეესაბამება. მან ხაზი გაუსვა ასევე საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინების მნიშვნელობას რეგიონში. ამრიგად, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში ევროკავშირსა და თბილისს შორის ურთიერთობებში არსებული უთანხმოებები კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა. დეპუტატთა ერთი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან დაბრუნებისა და პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებდა, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგიერთი დეპუტატი ევროპის მიერ თბილისის მიმართ მიდგომას აკრიტიკებდა და ხაზს უსვამდა საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსისადმი პატივისცემის მნიშვნელობას.

www.24news.ge

სხვა სიახლეები