Haqqımızda Reklam
22 
Sen
2026
14:13
1
0
112

მევენახეებმა დაბალი შესყიდვის ფასის გამო საპროტესტო აქცია გამართეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ. 24News.ge იუწყება, რომ აქციის მონაწილეები ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს წინ შეიკრიბნენ და ყურძნის დაბალ ფასად ჩაბარებას გააპროტესტეს. ფერმერები აცხადებენ, რომ არსებული ფასი მათ მიერ გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ისინი აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. „ჩვენ ამ ყურძენს 30 თეთრად ვერ ჩავაბარებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა. აქციის მიმდინარეობის ადგილზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლაც იმყოფება. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო შესაბამისი კონდიციის მქონე საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, ხოლო სხვა ჯიშის ყურძენს 1,30 ლარად ჩაიბარებს. ლევან მუხუზლამ განაცხადა, რომ ფასების დიფერენცირების მიზანია ფერმერების წახალისება, რათა მათ ვენახებს უკეთ მოუარონ. მისი თქმით, კერძო სექტორთან ფასებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაც შესაძლებელია. „ჩვენ წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად ვმოქმედებთ. მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მოსახლეობამ რთველის პერიოდში ყურძენი საჭირო კონდიციამდე მიიყვანოს. ღიად ვამბობ, რომ 17%-მდე შაქრიანობის მქონე პროდუქციას ყურძნად არ მივიჩნევთ. სახელმწიფო საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, ხოლო სხვა შესაბამისი ხარისხის საღვინე ყურძნის ჯიშებს 1,30 ლარად ჩაიბარებს“, – განაცხადა მუხუზლამ. მუხუზლამ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო კომპრომისთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებთან ტექნიკურ საკითხებსა და პროცედურებს განიხილავენ. მისი თქმით, შესაძლებელია მოლაპარაკებების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შაქრიანობის სხვადასხვა მეთოდით გაზომვა. „სახელმწიფო ფაქტობრივად ფასების მინიმალურ ზღვარს ადგენს. ამიტომ, თუ ისინი ფასით უკმაყოფილოები არიან, კერძო სექტორთან მოლაპარაკებების გამართვა ყოველთვის შესაძლებელია“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები